თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლებრივ პრაქტიკას „იურიდიულ კლინიკა-ჩემი ადვოკატში“ გაივლიან

18 ნოემბერს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მომორანდუმის თანახმად, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ კურსს „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატში“ გაივლიან, სადაც სტუდენტები მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით, სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.

პრაქტიკული კურსი 4 თვეს მოიცავს და კურსის მანძილზე სტუდენტები საპროცესო დოკუმენტებს (სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი და სხვ.) შეადგენენ და როგორც სასამართლო, ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე „ჩემი ადვოკატის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს პრაქტიკული კურსის სასწავლო სილაბუსის პირობები და პრაქტიკულად შესასრულებელი სამუშაოები გააცნეს.

კურსის მიზანია, მაგისტრანტს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს და გამოიმუშაოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში, სტუდენტი განახორციელებს სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს.