თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

გივი მაკალათია, ეკონომისტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი

გამოქვეყნდა 2 March, 2018 by Admin University

გივი მაკალათია, ეკონომისტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი

 

გივი მაკალათია, ეკონომისტი,

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი

TU პოლიტიკის ანალიზისა და ანალიტიკის ცენტრი (PAAC)

 

 

საპენსიო რეფორმა საქართველოში

 

 

    ეკონომიკური ტრანსფორმაციის პერიოდში საპენსიო სისტემამ რეფორმირების რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომელთაგან აღსანიშნავია 1995 წელს მიღებული სოციალური საპენსიო სისტემის შემოღება. იმ პერიოდშიც განიხილებოდა კერძო საპენსიო ინსტიტუტის შექმნა, რადგანაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ფინანსები მწირი იყო და არა მარტო მიმდინარე პენსიების გაცემა წარმოადგენდა პრობლემას არამედ დაგროვილი იყო ძველი დავალიანებაც. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სახელმწიფოს საბიუჯეტო კრიზისი არ აღინიშნება, ძალზე აქტუალური და აუცილებელია საპენსიო რეფორმის გატარება. ამჟამინდელი საპენსიო სისტემა სოლიდარულ პრინციპებზეა დაფუძნებული. ასაკობრივ პენსიას აქვს სოციალური დახმარების სახე, რაც თავისთავად გულისხმობს გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას. (დღესდღეობით პენსია საარსებო მინიმუმს მცირედით აღემატება და 180 ლარს შეადგენს) თუმცა უმთავრესი მიზეზი ასაკით პენსიონერთა რაოდენობის ზრდა და სამუშაო ძალის შემცირება წარმოადგენს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. დღეისთვის ასაკით პენსიონერთა შეფარდება სამუშაო ძალასთან 30-%ია. 2060 წელს ეს რიცხვი 50%-ს მიაღწევს, რაც ასაკოვანი მოსახლეობის დამოკიდებულების კოეფიციენტის არასასურველი ზრდაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ დღეისთვის ოთხ ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეზე ერთი პენსიონერი მოდის, 2060 წლისათვის პენსიონერთა რიცხვი გაორმაგდება. შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად განკარგვის რისკი მატულობს. მიუხედავად, სავალალო დემოგრაფიული ტენდენციისა აღსანიშნავია ემიგრაციული პროცესები, რაც აგრეთვე ხელს უწყობს აღნიშნული კოეფიციენტის ზრდას. საბიუჯეტო ფინანსების მობილიზებასთან მიმართებით აღსანიშნავია ფორმალურ სექტორში დასაქმებულთან ერთად აღინიშნოს არაფორმალურად თვითდასაქმებულთა კონტრიბუციები სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში მრავალი თვითდასაქმებული სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირი გადასახადის სახით შენატანს არ ახორციელებს. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შემოთავაზებული კომბინირებული ტიპის საპენსიო სისტემა, რომელიც მოიცავს სოლიდარულ და კერძო დაგროვებით მოდელს, შედარებით სამართლიანია და დროული. განვიხილოთ განსახორციელებელი რეფორმის მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები. კერძო საპენსიო სისტემა „განსაზღვრული შენატანის“ პრინციპს დაეფუძნება. მომავალში მისაღები თანხის ოდენობა დამოკიდებულია მოქალაქის მიერ გამომუშავებულ შემოსავალსა, შენატანების რაოდენობაზე და საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საინვესტიციო სტრატეგიის წარმატებაზე. სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა 40 წლამდე ყველა დასაქმებულისათვის, რომელიც ხელფასის სახით იღებს შემოსავალს, ხოლო თვითდასაქმებულისათვის ნებაყოფლობითი. დაქირავებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს შენატანები საპენსიო ფონდში 2%+2%+2% პრინციპით ნაწილდება. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია ყველა თვითდასაქმებულისათვის. თითდასაქმებულის მხრიდან 4% ხოლო სახელმწიფოს მხრიდან 2% ჩაირიცხება საპენსიო ფონდში. დაგროვებით საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საპენსიო სააგენტო“. საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობას რეგულირებას ეროვნული ბანკი გაუწევს. სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავჯდომარისაგან. აქტივების მართვა ტენდერის საფუძველზე გადაეცემა აქტივების მმართველ კომპანიებს (Asset Management Companies). ფონდის ხელმძღვანელობა, რომელიც პასუხისმგებელია მის ფუნქციონირებასა და სტრატეგიის შემუშავებაზე, მონიტორინგს გაუწევს კომპანიის მიერ აქტივების განთავსებას და საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელებას.

    კერძო დაგროვებითი სისტემის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ყოველთვიური შენატანების პროცენტული მაჩვენებელი ხელფასთან მიმართებაში, რასაც ჩანაცვლების კოეფიციენტი ეწოდება. საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანების ოდენობა ძალზე მოკრძალებულია და იგი 6%-ს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გათვლებით მიღებულია მაკროეკონომიკური დაშვების გათვალისწინებით მიახლოებით თვიური პენსიის ოდენობა. მთავრობის მიერ მაკროეკონომიკური დაშვებები შემდეგია: გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია 3.0%, გრძელვადიან პერიოდში ხელფასების ზრდა 6,0%, რეალური ამონაგები 3,5%. საშუალო ხელფასი 10 წელში 1717 ლარი, 20 წელში 3075 ლარი, 30 წელში 5508 ლარი. ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემების თანახმად თუ მოქალაქის ხელფასი 500 ლარია მისი რეალური ყოველთვიური პენსია 10 წელში 35 ლარია, 20 წელში 94 ლარი, 30 წელში - 190ლარი, 40 წელში - 340 ლარი, ხოლო თუ 1000 ლარი აქვს ხელფასი 10 წელში - 70 ლარი, 20 წელში - 188 ლარი, 30 წელში - 380 ლარი, 40 წელში - 680 ლარი. გრძელვადიან პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომბინირებული საპენსიო სისტემის ამოქმედების შემთხვევაში ჩანაცვლების კოეფიციენტი (პენსიის შეფარდება საშუალო ხელფასთან) 30%-ს გადააჭარბებს თუ მოქალაქეები 30 წელზე მეტი ხნით მიიღებენ მონაწილეობას კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ 6%-იანი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს ჩანაცვლების კოეფიციენტის მნიშვნელოვან ზრდას მთავრობისგან რეკომენდირებულია, რომ შენატანების პროცენტულმა მაჩვენებელმა საშუალოვადიან პერიოდში 8%-ს მიაღწიოს. ეს ცვლილება კი აღნიშნულ მაკროეკონომიკურ დაშვებების პირობებში ჩანაცვლების კოეფიციენტს 40%-მდე გაზრდის. მიღებული შედეგები ძალზე საინტერესოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური დაშვებები ძალზე ოპტიმისტურია. მაგალითად 2017 წელს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული მიზნობრივი ინფლაციის დონე 4% შეადგენდა, ხოლო ფაქტიური მაჩვენებელი კი 6,7% დაფიქსირდა. ამგვარად მაკროეკონომიკური დაშვებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ფაქტიური მაჩვენებლისგან, განსაკუთრებით კი ინფლაციის დონე. რადგან საქართველო იმპორტირებულ საქონელზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია, შესაბამისად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ინფლაციის მიღწევას. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გაწონასწორება უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ამგვარი გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებისა. მაშასადამე, თუ დაზოგილი თანხა რეალურ სექტორს წაახალისებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ექსპორტის გაზრდას, მაშინ აღნიშნული რეფორმა ეკონომიკურად გამართლებულად ჩაითვლება. შესაბამისად განვიხილოთ კანონპროექტის მიხედვით თუ როგორ არის განსაზღვრული საპენსიო ფინანსების ინვესტირება. საპენსიო რეფორმის კანონპროექტის მიხედვით საინვესტიციო პორტფელების ტიპები შემდეგნაირად განისაზღვრება. 1) ნაკლებად რისკიანი პორტფელი: ფულადი სახსრები და დეპოზიტები -75%-მდე; სავალო ფასიანი ქაღალდები - 100% -მდე; საწარმოთა აქციები - 20%-მდე; 2)საშუალო რისკიანი პორტფელი : ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 50%-მდე; სავალო ფასიანი ქაღალდები -75%-მდე; საწარმოთა აქციები - 20%-დან 40%-მდე; სხვა აქტივების ტიპები -10%-მდე. 3) მაღალრისკიანი პორტფელი: ფულადი სახსრები და დეპოზიტები -25%-მდე; სავალო ფასიანი ქაღალდები - 50%-მდე; საწარმოთა აქციები 40%-დან 60%-მდე; სხვა აქტივების ტიპები - 10%მდე; საერთაშორისო კლასის აქტივებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგი მოცულობით: 1)ნაკლებად რისკიანი -20%; 2)საშუალო რისკიანი -40%. 3)მაღალრისკიანი -60%. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული და ეროვნული წარმოებაც დაბალ დონეზეა, ერთი მხრივ მაღალია რისკი იმისა, რომ ნახევარზე მეტი ფულადი რესურსი საზღვარგარეთ გაედინოს, ხოლო მეორე მხრივ დეპოზიტზე დადებული თანხები მოხმარების წამახალისებელი აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ მთავარია დანაზოგები ინვესტიციებად გადაიქცეს, რამაც ეროვნული რეალური სექტორი უნდა განავითაროს. აგრეთვე მნიშვნელოვანია აქტივების მართვის კომპანიის მიმართ ნდობის ფაქტორიც.

    ამრიგად, აუცილებელია საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და მეტი კონკრეტიზაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება დანაზოგების ინვესტირება ქვეყნის ეკონომიკის რეალურ სექტორში. შემოთავაზებული საინვესტიციო სტრატეგია საჭიროებს მეტ დაკონკრეტებას და დახვეწას.

არ დათეგილა